\

მესტია

01.02.2018

მნიშვნელობა არ აქვს რა სეზონია, გარეთ ცხელა თუ ცივა, მესტია დროის ნებისმიერ მონაკვეთში მოგხიბლავთ საკუთარი ბუნებით. კურორტი მესტია ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. უზარმაზარი მთებით გარშემორტყმული ადგილი ზემო-სვანეთში ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იღებს.  მესტია ყველა სტუმრის საწყისი წერტილია სვანეთში მოგზაურობის დროს. აქ მრავლად არის საოჯახო სასტუმროები, სასტუმროები და ტურისტების მომსახურების ცენტრები, რაც გაცილებით იოლს ხდის ტერიტორიის შესწავლას.

 

 

ზამთარში ჰაწვალის სამთო-სათხილამურო ტრასა იზრუნებს თქვენს გართობაზე, რომელიც მესტიიდან დაახლოებით 8 კილომეტრითაა დაშორებული. ჰაწვალიდან კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა, სადაც 2 400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. მთაზე ასულების წინ გადაიშლება სვანეთის ულამაზესი ხედი: უშბას უდიდესი მთები, თეთნულდის გადათეთრებული კალთები და ულამაზესი კავკასიონის ქედი.

 

 

ზაფხულში მესტიის გრილი კლიმატით და იქაური ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით შეგიძლიათ სიამოვნების მიღება. ომიანობის დროს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ საეკლესიო თუ საერო ნივთებს მთებში საგულდაგულოდ მალავდნენ. ასე შემოინახა სვანეთმა უნიკალური ხატები, უძველესი ხელნაწერები და სხვა რელიკვიები. ეს ყველაფერი დღეს სვანეთის ეკლესიებსა და მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება, რომლებიც მესტიაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

 

კიდევ ერთი პუნქტი, რომლის არ ნახვაც მესტიაში სტუმრობისას ნამდვილი დანაშაულია, უშგულის თემია, რომელიც 4 სოფლისგან შედგება: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში (თემის ცენტრი). უშგულის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს და ამ მონაცემებით ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევა. თემის ცენტრი - სოფელი ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.