\

სტეფანწმინდა

13.11.2019

თუკი ურბანული გარემო თქვენთვის მოსაბეზრებელი გახდა და გსურთ ყოველდღიურ რუტინას ცოტა ხნით მაინც თავი დააღწიოთ, საქართველოს მთიანი რეგიონები ამისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. რჩევა იქნება, მოიმარაგოთ თბილი ტანსაცმელი და გეზი ჩრდილოეთ საქართველოსკენ, კერძოდ კი სტეფანწმინდისკენ აიღოთ. სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვერვალის, მყინვარწვერი, ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შესვლისთანავე აღმოაჩენთ, რომ უზარმაზარი მთების და ქედების შუაგულში ამოყავით თავი. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ყაზბეგის მიწა უძველესი დროიდან იყო დასახლებული, რაც ამ კურორტს განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას სძენს.

 

 სტეფანწმინდა მზადაა ნებისმიერი სტუმრის მისაღებად. აქ შეხვდებით როგორც უმაღლესი კლასის სასტუმროებს, რომლებიც რელაქსაციისთვის საუკეთესო პირობებს შეგიქმნით ასევე უზარმაზარ საბანაკე ტერიტორიას, რაც თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის დაგეგმვაში შეგიწყობთ ხელს. გერგეტის სამების ეკლესია ის პუნქტია, რომელილ ყაზბეგში ჩასვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დალაშქროთ. ეკლესიისკენ მიმავალმა დამღლელმა აღმართმა შესაძლოა თავი პილიგრიმადაც გაგრძნობინოთ, თუმცა მთელი ეს დაღლილობა დავიწყებას მიეცემა როდესაც ტაძარათან მისულს თქვენ წინ ყაზბეგის ულამაზესი ხედები გადაიშლება.

 

 

ყაზბეგის ტერიტორიას ხშირად ძველი სახელით, „ხევით“ მოიხსენიებენ, იქ მაცხოვრებლებს კი „მოხევეებს“ უწოდებენ. ყაზბეგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კუთხეა, რომლის ცენტრიც დაბა სტეფანწმინდაა. სწორედ სტეფანწმინდაშია დასაფლავებული უდიდესი ქართველი მწერალი და დრამატურგი ალექსანდრე ყაზბეგი. მისი მამისეული სახლი და კარის ეკლესია სტეფანწმინდის ტერიტორიაზეა დაცული, რომლის მონახულებაც ყაზბეგის ვიზიტის გეგმაში აუცილებლად შესატანი პუნქტია.

 

სტეფანწმინდის კურორტის მთავარი ღირსშესანიშნაობა „ხევის პატარძლად“ წოდებული მყინვარწვერია, რომლის სიმაღლეც 5047 მეტრია და ქართველი ალპინისტების უპირველესი ლოკაციაა. აქ 4100 მეტრის სიმაღლზე გადააწყდებით ხელოვნურად გამოკვეთილ ბეთლემის გამოქვაბულს, რომელიც უამრავი საუკუნის მანძილზე სალოცავი და განძის საცავი იყო. 3680 მეტრ სიმაღლეზე კი მეტეოროლოგიური სადგურია, რომელშიც ალპინისტებისთვის განკუთვნილი თავშესაფარია შექმნილი.

სტეფანწმინდა საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავდროულად ინფრასტრუქტურულად უზრუნველყოფილი კურორტია. თუკი გადაწყვეტთ მომდევნო უიქენდი განსხვავებული გამოცდილებების და თავგადასავლის დღეებად აქციოთ, მაშინ დროა სტეფანწმინდის რომელიმე სასტუმროს ნომერი დაჯავშნოთ ან კარავი გაამზადოთ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.