\

შარდენის ქუჩა

15.02.2018

ერთ დროს  „ბნელ რიგად“ წოდებული შარდენის ქუჩა, დღეისათვის ღამის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხალხმრავალი ადგილია. ეს ადგილი მე-19 საუკუნეში ბაზაზხანით იყო ცნობილი, სადაც მაუდით, ჩითით, ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნების რიგები ერთი მეორეს მიყოლებით გახლდათ ჩამწკრივებული. ქუჩის სივიწროვე და ის ფაქტი, რომ ამ პერიოდისათვის ის გადახურულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაკვირველია, სინათლის წყაროს ნაკლებობას იწვევდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ძველი სახელი - „ბნელი რიგი“, რომელიც დღეს რეალობას სრულიად აღარ შეესაბამება.

 

 

თბილისში ყოფნისას, თუკი არ იცით საღამო სად გაატაროთ, ფრანგი მოგზაურის - ჟან შარდენის სახელობის ეს ვიწრო და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული ქუჩა, საუკეთესო ალტერნატივა უნდა იყოს თქვენთვის. ქუჩის დათვალიერება, რასაკვირველია, დღის განმავლობაშიც საინტერესოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ შეხვდებით ბამბის დახლებს და რესტორნებს, რკინის რიგებს და კლუბებს, თუმცა ცხოვრება შარდენზე საღამოს საათებში იწყება.

 

 

საფეხმავლო პატარა ქუჩა თბილისის უძველეს უბანში ყოველთვის იყო კულტურული ცხოვრების კერა, თუმცა 2002 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ შარდენი ღონისძიებებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ადგილი გახდა. გამოფენები, კონცერტები და უამრავი ხალხი ამ ქუჩის ყოველდღიურობის ნაწილია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ წარმატებით ხერხდება ქართული, ევროპული და აზიური კულტურის სინთეზი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ადგილს. ლამაზი, აივნებიანი, მყუდრო სახლების ქვეშ შეხვდებით უამრავ კაფესა თუ რესტორანს, სადაც საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით განთქმული უგემრიელესი კერძები, სხვადასხვა კულტურებიდან.  მათთვის, ვისაც უყვარს ისტორია და აინტერესებს ამბები, რომლებსაც ქუჩები ყვებიან, შარდენი ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ადგილია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის! სასიამოვნო მუსიკის ფონზე, რომელიც შარდენის ქუჩის განუყოფელი ნაწილია,  ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება შეიძინოს ქართული თექისა თუ მინანქრის ულამაზესი ნამუშევრები.

 

ალბათ, ყოველივე ეს ერთად თუ ცალ-ცალკე წარმოადგენს იმ მთავარ მიზეზებს, რატომაც ეს ქუჩა ერთნაირად მიმზიდველია როგორც თბილისელებისათვის, ასევე ტურისტებისთვის.

           

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.