\

ბახმარო

25.02.2018

 

 

ბახმარო მთის კლიმატური კურორტია, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე. ზღვის დონიდან 1926-2050 მ. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვის და სოჭის მარადმწვანე ტყით. ბახმარო ცნობილია პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. კლიმატური თავისებურებებია: ზღვის და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.

 

 

ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ - ნახეთ თქვენი მარო. საუკეთესო დრო დასვენებისათვის არის ივლისი და აგვისტო. 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაყლო ღონისძიებები, რითიც სეზონის დასრულება აღინიშნება. ამ ადგილას ხშირად გაიგონებთ მთების სახელებს „ჩასავალი“ და „ამოსავალი“, რაც ნუ დაგაბნევთ. მთების ამ სახელებს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი მათგანიდან მზის ამოსვლის ულამაზესი ხედი იშლება, ხოლო მეორედან ჩასვლის, შესაბამისად დაერქვა ერთს „ჩასავალის მთა“ მეორეს კი „ამოსავალის მთა“.

 

 

თუ ბახმაროში დასვენებას გადაწყვეტთ, პირობას გაძლევთ, რომ სახლის პოვნა არ გაგიჭირდებათ, რადგან ეს კურორტი ცნობილია თავისი კოტეჯებით, რომლებიც ყოველ სეზონზე ქირავდება. გირჩევთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინოთ კურორტის კლიმატი და ზაფხულის მიუხედავად, თან იქონიოთ თბილი ტანსაცმელიც.

 

კარგ დასვენებას გისურვებთ!

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.