\

დარიალის ხეობა

13.03.2018

დარიალის კანიონისებური ხეობა ჩრდილოეთ საქართველოში, რუსეთის სასაზღვრო ზოლში, მდინარე თერგის აუზში მდებარეობს. იგი გამომუშავებულია პალეოზოურ გრანიტოიდებში, რომლებიც 300-400 მლნ წლის წინანდელი, ცენტრალურ კავკასიონზე განვითარებული ვულკანიზმის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილია. ვულკანურ ქანებში გაჭრილი ხეობა ვიწრო და ციცაბოფერდიანია. მისი სიგრძე 11 კილომეტრია, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე ათას მეტრს აღემატება. ხეობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რომელთა შორის დომინირებს მაღალი მთის პალეოგლაციალური, ვულკანური და ეროზიულ-დენუდაციური რელიეფი, ფიჭვნარი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოები.

 

 

„დარიალანი“ სპარსული სიტყვაა და ალანების (ოსების) კარს ნიშნავს. ქართველები მას „არაგვის კარად“ მოიხსენებენ, რადგან უწინ თერგი არაგვად იწოდებოდა. სხვა ხალხები დარიალს დარიელას, იბერიის კარს, კასპიის კარს, სარმატიის კარს, ხევის კარს და არაერთ სხვა სახელს უწოდებდნენ. კავკასიისთვის დარიალის ხეობას უდიდესი სამხედრო-გეოგრაფიული დანიშნულება ჰქონდა. იგი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა, თუმცა საუკუნეების მანძილზე საკმაოდ რთულად დასაძლევი სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ზამთრობით ხშირი ზვავი და ზაფხულობით ძლიერი ქვათაცვენა მრავალჯერ გამხდარა მისი გადაკეტვის მიზეზი.

 

 

დარიალის ხეობაში სამხედრო ფორტიფიკაციები ქართველებმა პირველ საუკუნეში ჩრდილოელი ტომებისგან თავდაცვის მიზნით ააგეს. ამჟამად ხეობა მუდმივი ზედამხედველობის ობიექტია _ აქ გადის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და გაზსადენი, თუმცა ეს ფაქტი დარიალის ხეობის მონახულებას და დათვალიერებაში ხელს არ შეგიშლით.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.