\

ბეთანიის მონასტერი

19.03.2018

 

ბეთანია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია,-  ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით (90 კმ), ვერის ტყიან ხეობაში (მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს). რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს. გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლების და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია.

 

 

საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინაწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთის კედელი ეკავა "განკითხვის დღის" კომპოზიციას. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207-ის ახლოს. ტაძრის დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია (1196).

 

 

ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

ბეთანიის ტაძრის მონახულებას განსაკუთრებით მათ ვურჩევდი, ვისაც ქართული ხუროთმოძღვრება და ისტორია აინტერესებს, რადგან ორივე ეს არაჩვეულებრივად არის წარმოჩენილი ტაძარში.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.