\

ნუნისი

22.03.2018

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში, მდებარეობს ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი. სოფლის სახელწოდება უკავშირდება სამკურნალო თვისებების მქონე წყალს, რომლითაც კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდნენ. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები - ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი - განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებს.

 

 

ხალხური გადმოცემით, ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. როცა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველი მინერალური წყლის დახმარებით მუნისგან იკურნებოდა, მისი გამოყენება თავადაც სცადა და შედეგიც მიიღო. თანდათან წყაროების სამკურნალო თვისებების შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. ნუნისის წყალს საამოსა და მარგებელს უწოდებს XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი. ნუნისის წყლის აღმოჩენის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომელიც დიდ ქართველ მეფეს, დავით აღმაშენებელს უკავშირდება. თურმე დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სიარულით დაღლილი ცხენები, რომელთაც კანი გადატყავებოდათ და წყლულები გასჩენოდათ, ნუნისის წყალში ჩაწოლილან და მალევე გამოჯანმრთელებულან. გახარებულ მეფეს სოფელში მდგარი ტაძრისთვის დიდძალი შესაწირი გაუღია.

 

 

IX-X საუკუნეებში აგებული ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი დღესაც მოქმედია. ნუნისიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყის სიღრმეში კლდეში სამი გამოქვაბულია გამოკვეთილი. ამ ადგილს ბერების კლდეს ეძახიან. ლეგენდის თანახმად, ნუნისის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი და `ბერების კლდე ძველ დროში საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.