მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა (ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა), მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. მონასტერში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო. არქეოლოგებმა ალავერდის მონასტრის ეზოში VIII-X საუკუნის უძველესი მარნის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც სხვადასხვა ზომის ქვევრებით არის გაწყობილი. XI საუკუნეში მეფე კვირიკე დიდმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძართან ერთად სამეფო მონასტრისათვის შესაფერი, დიდი მარანი ააგო.
„ალავერდი“ არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ, ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. ალავერდის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს შორის ყველაზე მაღალი ნაგებობაა (51 მ.). ალავერდი შედარებით სადად არის გაფორმებული ჩუქურთმებითა და ორნამენტებით, რაც კახეთის საეკლესიო ძეგლებს ზოგადად ახასიათებს. XIX საუკუნეში რუსეთის ეკლესიის სინოდის ბრძანებით ალავერდი სხვა ქართული ტაძრების მსგავსად კირით შეათეთრეს. მხოლოდ 1966 წელს ჩატარებული რესტავრაციის შედეგად გამომჟღავნდა როგორც ტაძრის დაარსების, ასევე შედარებით გვიანდელი პერიოდის მდიდარი ფრესკული მხატვრობა.
ალავერდის მონასტერი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აქ გადაწერილია ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი - ალავერდის სახარება (1054 წ), რომელიც ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე აღინიშნება ალავერდის ტაძრის დღეობა - ალავერდობა. ეს უძველესი ტრადიცია მოსავლის აღება-დაბინავებასთანაა დაკავშირებული და ტაძრის დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის სახელზე იმართება. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიან მლოცველები სხვადასხვა კუთხიდან. ძველად დღესასწაული სამი კვირა გრძელდებოდა.