\

ალგეთის ეროვნული პარკი

19.03.2018

 

ალგეთის ეროვნული პარკი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. ალგეთის ეროვნულ პარკს ბოტანიკოსები “ფლორისტულ კვანძს” უწოდებენ - აქ მცენარეთა 1,664 სახეობა წარმოდგენილი. პარკი მდიდარია მსხვილი ძუძუმწოვრებით და წარმოადგენს რამდენიმე სახეობის სამიგრაციო არეალს. ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი და გადაშენების წინაშე მყოფი ხე-მცენარეები: ქართული თხილი, მაღალმთის მუხა, ქაცვი, კავკასიური გლერძი, უთხოვარი, თელა.

 

 

ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰექტარი ტყით არის დაფარული. ალგეთის ნაკრძალის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (23 %) დაფარულია წიწვოვანი ტყით : აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და კავკასიური ფიჭვით. ნაძვი და სოჭი რელიქტური სახეობებია და მათი დაცვა და მოვლა მეტად მნიშვნელოვანია კავკასიური ფლორის შესანარჩუნებლად. ისინი პარკის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1100-1850 მ-ის ფარგლებში იზრდებიან.

 

ალგეთის ეროვნულ პარკში მცენარეთა 1664 სახეობაა წარმოდგენილი: 80 ხე, 74 ბუჩქი, 800-ზე მეტი ბალახოვანი მცენარე, 156 სახეობის სამკურნალო მცენარე, 43 შხამიანი, 24 ბოსტნეული, 69 დეკორატიული, საქართველოსა და კავკასიიის 3 ენდემი. პარკი ხასიათდება ნაძვნარის, ფიჭვნარის, წიფლნარისა და მუხნარის ფიტოცენოზის მრავალფეროვნებით. კავკასიური სოჭი და უთხოვარი ერთეული ეგზემპლარების სახით არის წარმოდგენილი. ეროვნულ პარკში მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: მურა დათვი და მგელი, იშვიათად – ფოცხვერიც, ტყის კვერნა, ციყვი, ძილგუდა, კურდღელი, მელა, გარეული ღორი. შველი ამ ტყეების მუდმივი ბინადარია. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე სახის ამფიბია და ხვლიკი ცხოვრობს. გველებიდან ალგეთის მკვიდრები არიან: სპილენძა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, ველის გველგესლა და ცხვირქოსანი გველგესლა.

 

 

ალგეთის ხეობაში 60-ზე მეტი სახეობის ფრინველია წარმოდგენილი, რომელთა შორის არის: ქორი, მიმინო, კაკაჩა, მდელოს ძელქორი, ჭოტი, ყაპყაპი, ოფოფი, შავი კოდალა, მერცხალი, შაშვი, ჩხიკვი, წიწკანა, ჭინჭრაქა, ჩიტბატონა და სხვა. ხეობაში ფიქსირდება ძალზე იშვიათი ბექობის არწივი.

ეროვნულ პარკში ერთი მარკირებული ბილიკია, რაც დამთვალიერებლების საშუალებას აძლევს გიდის გარეშე შეძლონ ადგილის მონახულება.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.