უშგული – ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი დასახლებაა საქართველოში (2200 მ). თავისუფალი სვანეთის განაპირა თემი, შხარას ძირში, მდინარე ენგურის სათავის ვიწრო ხეობაშია გაწოლილი. უშგული გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით – როგორც საზღვარი განსაკუთრებულად იყო გამაგრებული.
უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიას და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამი თვე არის გახსნილი, ხოლო დანარჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს.
უშგულში შემორჩა ციხე-სახლი, საცხოვრებელი სახლის ყველაზე ადრინდელი ტიპი, აქვეა სახლი -კოშკი, ზოგიერთი მათგანი IX-XI საუკუნეებით თარიღდება. აქ ერთმანეთის მიყოლებით არის ჩარიგებული უშგულის თემის სოფლები.
ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, რომელიც შეგიძლიათ აქ ნახოთ, გახლავთ უშგულის ლამარია – IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია,რომელიც სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის კოშკიანი გალავნით არის შემოზღუდული.
ლამარიას, სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. X საუკუნეში აგებული ეკლესია არის დარბაზული ტიპის. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულება არის ამოჭრილი.
ეკლესია მოხატული გახლავთ. აშენებისთანავე მოუხატავთ კანკელი. როგორც ჩანს, სვანმა ოსტატმა წმიდა მარიამის გამოსახვისას ტრადიციულ ხატწერას გადაუხვია, რადგან ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული. ასეა გადმოცემული მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი.
კედლის ერთ მხარეს წარმოდგენილია წმიდა მხედართა – გიორგისა და თეოდორეს გამოსახულებები, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.
XIII საუკუნეში ეკლესია უკანასკნელად მოუხატავთ. წარწერები, რომელიც ეკლესიაში გვხვდება არის ისტორიული მნიშვნელობის. ის ეკლესიაში მისული მლოცველების მიერაა შესრულებული. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.
უშგულში ჩასვლას ვურჩევთ ყველა ადამიანს. აქაურობა მოგხიბლავთ როგორც ბუნებით, ასევე ისტორიული მემკვიდრეობით და ხუროთმოძღვრებით.