\

ბირთვისის ციხესიმაგრე

30.04.2018

 

ბირთვისის ციხესიმაგრე წარმოადგენს მე-11 საუკუნის ძეგლს და მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 30კმ-ში. ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი გაგებით ციხე, იგი არ არის ერთად თავმოყრილ ნაგებობათა კომპლექსი, არამედ ეს არის კონუსური ფორმის, კლდოვანი მთების ჯგუფების გაერთიანება, რომელიც დაახლოებით 1 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. სამწუხაროდ ბირთვისის ციხის გენერალური გეგმა არ გახლავთ შემორჩენილი.

 

 

ძველ ისტორიკოსებს ერთი მეტად საინტერესო მომენტი აქვთ აღწერილი ბირთვისის ციხის შესახებ თემურ-ლენგის ლაშქრობასთან დაკავშირვბით. მერვე ლაშქრობის დროს, 1403 წლის ივლისში, თემურ-ლენგმა უბრძანა ჯარს, ქვეყნის ამ ერთ-ერთი დიდი სიმაგრის - ბირთვისის ციხის აღება. მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ქართველებს ძლიერ გაემაგრებინათ ციხე და თან უხვად მოემარაგებინათ სანოვაგე, წყალი და ღვინო. ციხეს ვინმე ნაზალ ციხისთავი განაგებდა. გარემოცული ციხის მცველნი გამოსულან და შექმნილა ფიცხელი ომი. ქართველებს გაუმარჯვიათ. მაშინ განრისხებულმა თემურმა ბრძანა, ციხისათვის, ხანგრძლივი ალყის მიზნით, სამი მხრიდან ციხე აეგოთ. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს თემურის ჯარში გამოჩნდა კაცი, რომელმაც მოახერხა ბამბისა და აბრეშუმისაგან დაწნული თოკებით ციხეზე აცოცება. მან ეს თოკები დაამაგრა და როდესაც ციხის აუღებლობით დაიმედებულ გარნიზონს ტკბილად ეძინა, მოულოდნელად მტერი თავს დაესხა. დამცველნი ლომებივით იბრძოდნენ, მაგრამ ვერას გახდნენ. თემურს ამ ციხის აღება იმდენად მნიშვნელოვნად მიუჩნევია, რომ საზეიმო დარბაზობაც კი გაუმართავს.

 

 

ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. თავის დროზე ბირთვისის ციხე მიუდგომლად და თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა. აქ ციხე-კოშკები, საცხოვრებელი სახლები, ეკლესია, სამეურნეო შენობები და წყალსაცავი იყო გაშენებული. კლდეზე აგებული ციხის ნანგრევები ტყის სიღრმეში მდებარეობს, ფარცხისის ტბასთან. ბირთვისის კანიონი მდინარე ალგეთის ვიწრო ხეობაშია განფენილი. გამოცდილი გიდის გარეშე მის დალაშქვრას არ გირჩევთ. დაგჭირდებათ მთამსვლელის სპეციალური აღჭურვილობა. წყალი ღრმა არ არის, თუმცა საკმაოდ ცივია.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.