მუზეუმში დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ხელნაწერები, ფოტომასალა, სხვადასხვა დოკუმენტი, სოსო წერეთლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა (ფერწერა, გრაფიკა, ჩანაწერები), კოტე წერეთლის ბიბლიოთეკა, როგორც მისი ნაშრომები, ასევე აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის იშვიათი გამოცემები.
2018 წელს მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. განახლებული მუზეუმი 2019 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა.
მუზეუმის საგამოფენო კონცეფცია არის მცდელობა, აღადგინოს 80-იანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში.
განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი, ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე წერეთლის, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი, მისი ვაჟის, ნიჭიერი მხატვრის სოსო წერეთლის შემოქმედებას, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის „თვითმფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ოფიციალური დასვენების დღეების გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:30
ფასი:
- სტანდარტული – 5,00 ლარი
- მოსწავლე/სტუდენტი – 2,00 ლარი
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის;
- ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
- სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.