სათაფლიის ნაკრძალი

5
ტურისტებისთვის მოწყობილი პირველი კარსტული მღვიმე საქართველოში

დაწესებულების მახასიათებლები

  • მისამართიTskaltubo, Georgia
  • კონტაქტი595 08 60 59

თუკი პრეისტორიულ ხანაში მოგზაურობა გსურთ და დროის მანქანის გამოგონების ლოდინის იდეა მაინცდამაინც არ გხიბლავთ, გირჩვეთ კურსი სათაფლიის ნაკრძალ-მღვიმისკენ აიღოთ, სადაც სრულიად განსხვავებულ ბუნებაში ამოყოფთ თავს. ბუნების სილამაზესთან ერთად, ეს არის უდიდესი არქეოლოგიური მნიშვნელობის ადგილი, სადაც დინოზავრის ნაკვალევის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ. რა უნდა იყოს ამაზე უფრო ამაღელვებელი?

1925 წელს ქუთაისის მუზეუმის თანამშრომელმა, პედაგოგმა პეტრე ჭაბუკიანმა, პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძიებისას შემთხვევით აღმოაჩინა სათაფლიის გამოქვაბული. სათაფლიის მღვიმე საქართველოში პირველი კარსტული მღვიმეა, რომელიც კეთილმოეწყო ტურისტებისთვის. ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს. სახელი სათაფლია კირქვის ნაპრალებში უხსოვარი დროიდან დაბუდებულ ფუტკარს უკავშირდება, რომელიც თაფლს აგროვებდა. ფუტკარი აქ დღემდე აგროვებს თაფლს.

 

 

 

                     „ქართული – იურული პერიოდის პარკი, სადაც საოცარი ბუნებრივი გარემო დაგხვდებათ.“

 

სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი. სათაფლიის ნაკრძალს ხშირად „ქართული იურული პერიოდის პარკის“ სახელითაც მოიხსენიებენ.

სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. არამარტო ნაკვალევი, არამედ მთელი ბუნებრივი გარემო აქ უნიკალურია, ამიტომ საქართველოში ვიზიტისას სათაფლიის ნაკრძალის მონახულება აუცილებელია. იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ უნიკალურ ადგილას საოცარი ფოტოების გადაღება შეგიძლიათ.

 

სათაფლიის ნაკრძალში დაცულია შესანიშნავი ტყე, რომელიც 500 ჰექტარს მოიცავს. ამჟამად დასრულებულია ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისი პროექტის ფარგლებში მოხდა მღვიმესთან არსებული კლდოვანი ნაპირის 210 მეტრიანი მონაკვეთის მოაჯირით შემოღობვა,დინოზავრის ნაკვალევზე დადგმული რკინის დამცავი მოწყობილობა ხის ორიგინალური კონსტრუქციით შეიცვალა. ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერების და  შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა

 

 „დინოზავრის ნაკვალევი, მღვიმეები, ულამაზესი ბუნება და თვალისმომჭრელი ხედები - ყველაფერი ეს ერთ ადგილას“

 

 

საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ ხუთი გამოქვაბულიდან, რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. იქაური გარემო ბუნებრივად შექმნილ ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეში ასევე დამონტაჟებულია განათების და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 900 მეტრია. სიმაღლე 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე 14-15 მეტრის ტოლია.

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->